ჩინელი მწერალი ლიუ ჯენიუნი ხუა ძუნგის მსოფლიო ჩინურენოვანი ლიტერატურის მე-18 პრემიის (Hua Zong World Chinese Literature Award) ლაურეატი გახდა. გამოცემა Publishing Perspectives-ის ცნობით, ავტორს ჯილდო კუალა-ლუმპურში, 24 ოქტომბერს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გადასცეს. ორ წელიწადში ერთხელ დაწესებულ ამ ჯილდოს მალაიზიური მედიაჯგუფი World Chinese Media Group-ი გასცემს, რათა ჩინურენოვან ლიტერატურაში გლობალური მასშტაბით შეტანილი განსაკუთრებული წვლილი აღიაროს.
ეს პრემია 1991 წელს დაარსდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ჩინურენოვან ავტორებს შორის მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ენიჭება. წლევანდელი ჟიური World Chinese Media Group-ის შვიდი გამოცემის მთავარი რედაქტორისგან შედგებოდა. გადაწყვეტილების მიღებაში მალაიზიური გაზეთების – Sin Chew Daily-ს, Nanyang Siang Pau-ს, China Press-ისა და Guang Ming Daily-ს, ასევე ჰონგ-კონგური გამოცემების – Ming Pao-ს, Ming Pao Monthly-სა და Asia Weekly-ს მთავარი რედაქტორები მონაწილეობდნენ.
ლიუ ჯენიუნის წარმატება და საერთაშორისო აღიარება
ჟიურის წევრებმა გამარჯვებულად ლიუ ჯენიუნი ხმათა უმრავლესობით დაასახელეს. მათ განსაკუთრებით გამოარჩიეს მისი ნაწარმოებების ინტელექტუალური სიღრმე, მხატვრული დაძაბულობა, ირონიული იუმორი, თხრობის გამორჩეული სტრუქტურა და საერთაშორისო გავლენა.
ჩინელი ავტორის ნაწარმოებები 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, რომელთა შორისაა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური, შვედური და ჩეხური. ჯილდოს მიღებისას ლიუ ჯენიუნმა აღნიშნა:
ავტორმა ყოველი ახალი ნაწარმოებით ხელახლა უნდა გამოიგონოს ლიტერატურა და მას ახალი განსაზღვრება მისცეს.
მალე მწერალი მკითხველებთან შეხვედრებს ორ სხვადასხვა ქვეყანაში გამართავს. 29 ოქტომბერს ლიუ ჯენიუნი ლონდონში თავის რომანზე „The Last Laugh“ The Guardian-ის კულტურის რედაქტორთან, რებეკა ლიუსთან ისაუბრებს. ლიუ წელს ბუკერის პრემიის (Booker Prize) ჟიურის წევრიც არის. მოგვიანებით კი, 6 ნოემბერს, ჩინელი რომანისტი შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გამოვა, სადაც სუდანელ მწერალ ჰამურ ზიადასთან ერთად დისკუსიას გამართავს.
