უკრაინაში რუსული წიგნების გაყიდვის გამო სამ ონლაინმაღაზიაზე – Hbrstore-ზე, BookShop-სა და „აკონიტზე“ – წვდომა შეიზღუდა. როგორც უკრაინული გამოცემა Chytomo წერს, შეზღუდვა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის (დერჟკომტელერადიო), უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატიულ-ტექნიკური მართვის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
დაბლოკილ პლატფორმებზე რუსული გამომცემლობების – „ექსმოს“, „ასტისა“ და „მიფის“ (გამომცემლობა „მან, ივანოვი და ფერბერი“) – წიგნები იყიდებოდა. ეს კომპანიები რუს მილიარდერ ოლეგ ნოვიკოვს უკავშირდება, რომელსაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესა. ნოვიკოვი საგამომცემლო ჯგუფ „ექსმო-ასტს“ ხელმძღვანელობს და „მიფის“ თანამფლობელია. უშუალოდ რუსული საგამომცემლო კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ უკრაინულ სანქციებს ვადა 2022 წლის მარტში გაუვიდა და მას შემდეგ აღარ განახლებულა.
ვებსაიტები სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაბეჭდილ რუსულ წიგნებს ავრცელებდნენ, რომლებიც ქვეყანაში, სავარაუდოდ, უკანონოდ შეიტანეს. უკრაინის საგამომცემლო კანონის 28-1 მუხლით, რუსეთიდან, ბელარუსიდან და დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან შემოტანილი გამოცემების გავრცელება აკრძალულია. მაღაზიების მფლობელები თავიანთ იურიდიულ სტატუსსა და ადგილსამყოფელს მალავდნენ და დერჟკომტელერადიოს ოფიციალურ მოთხოვნებს არ პასუხობდნენ. საიტებზე წვდომის აღდგენის საკითხი მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ განიხილება, თუ მფლობელები საქმიანობას დააკანონებენ და ადგილობრივ კანონმდებლობას დაემორჩილებიან.
რუსული წიგნების გაყიდვა და გამკაცრებული შეზღუდვები
უკრაინის ხელისუფლება აკრძალული ლიტერატურის ინტერნეტში გავრცელებას მკაცრად აკონტროლებს. 2025 წლის ივლისიდან მოყოლებული, ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის გამოცემების გამყიდველი 52 ონლაინმაღაზია დაიბლოკა, 2024 წლის აპრილიდან კი 13 000-ზე მეტი ასეთი წიგნის გაყიდვა შეჩერდა. ოქტომბრის ბოლოს კიდევ ორ ონლაინმაღაზიაზე შეიზღუდა წვდომა, მანამდე კი, იმავე თვის დასაწყისში, BookStore და Knigomania დაიბლოკა. წლის პირველ ნახევარში უკრაინამ 18 ვებსაიტზე შეზღუდა წვდომა, რომლებიც მომხმარებლებს რუსულ და მეკობრულ გამოცემებს სთავაზობდა, 2025 წლის ნოემბერში კი Leader-Books და BookHub ხელახლა დაიბლოკა ახალი დომენებით აკრძალვისთვის გვერდის ავლის გამო.
ოქტომბერში დერჟკომტელერადიომ ინტერნეტში რუსული და ბელარუსული 400-ზე მეტი წიგნი აღმოაჩინა, ძირითადად უკრაინულ ელექტრონულ პლატფორმებზე: Prom.ua, Rozetka.ua, Shafa.ua და OLX.ua. ოფიციალური შეტყობინებების შემდეგ ადმინისტრატორებმა ეს განცხადებები წაშალეს და გამყიდველები გააფრთხილეს. გარდა ამისა, ონლაინმაღაზიებმა Gavrosh, Neobooks, BurchBook და Georgesbooks ოფიციალური მოთხოვნა მიიღეს, რომ აკრძალული წიგნები წაშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაბლოკვა მათაც ემუქრებათ.
