ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის, წიგნების მიწოდება გაერთიანებულ სამეფოში ყველა ფორმატით შეწყდა. გადაწყვეტილება თავად ავტორმა და გამომცემლობა Faber-მა ორმხრივი შეთანხმებით მიიღეს, რაც ორგანიზაცია Palestine Action-ისადმი რუნის საჯარო მხარდაჭერას უკავშირდება. ამის შესახებ The Guardian-ი, Deadline-ი და Variety წერენ.
გაერთიანებულმა სამეფომ აქტივისტური მოძრაობა Palestine Action-ი ტერორისტულ ორგანიზაციად 2025 წლის ივლისში გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ინციდენტს, როცა აქტივისტები სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე შეიჭრნენ და ისრაელის მხარდაჭერის გასაპროტესტებლად ორი სამხედრო თვითმფრინავი დააზიანეს. მოძრაობა 2020 წელს დაფუძნდა და ისრაელის სამხედრო ძალების კორპორაციული მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებს. გაერთიანება ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-მაც გამოაცხადა.
ბრიტანული კანონმდებლობა და სალი რუნის პოზიცია
სალი რუნიმ 2025 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ რომანების გაყიდვებიდან და სატელევიზიო ჰონორარებიდან მიღებულ თანხას Palestine Action-ის დასაფინანსებლად მიმართავდა, მოგვიანებით კი ეს პოზიცია The Irish Times-ის საავტორო სვეტშიც დაადასტურა. ორგანიზაცია ირლანდიის რესპუბლიკაში, სადაც რუნი ცხოვრობს, აკრძალული არ არის. თუმცა ბრიტანეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობის მე-15 მუხლის თანახმად, იმ თანხის გადაცემა, რომელიც შესაძლოა ტერორიზმისთვის გამოიყენონ, 14 წლამდე პატიმრობით ისჯება. ამის გამო გამომცემლობას ავტორისთვის ბრიტანული შემოსავლების გადარიცხვა კანონიერად აღარ შეუძლია.
გამომცემლობა Faber-ში აღნიშნეს:
მწერლის ნაწარმოები გაყიდო და შემოსავლის გადაცემა არ შეგეძლოს, გამომცემლობისთვის გაუმართლებელი ვითარებაა.
Faber-ი რუნის გამომცემლად რჩება და მის წიგნებს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ გაავრცელებს. ამასთან, წიგნის მაღაზიათა ქსელ Waterstones-ში განაცხადეს, რომ ბრიტანეთში უკვე არსებული მარაგების გაყიდვა შესაძლებელია. დაკავების საფრთხის გამო რუნიმ გაერთიანებულ სამეფოში ლიტერატურული ჯილდოს მისაღებად დაგეგმილი ვიზიტი და მომავალი საჯარო გამოსვლები გააუქმა.
2025 წლის ივლისის შემდეგ ბრიტანეთში ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 3700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. თებერვალში ბრიტანეთის მაღალმა სასამართლომ Palestine Action-ის აკრძალვა უკანონოდ ცნო, თუმცა გადაწყვეტილება სააპელაციო განხილვამდე ძალაში დატოვა. საკითხს გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო ნოემბერში განიხილავს.
სალი რუნის რომანი „ჩვეულებრივი ადამიანები“ (Normal People) გაერთიანებულ სამეფოში მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა, ხოლო წიგნები „საუბრები მეგობრებთან“ (Conversations with Friends) და „სად ხარ, მშვენიერო სამყარო“ (Beautiful World, Where Are You) – თითოეული 500 000-ზე მეტი ტირაჟით. ავტორის ბოლო გამოქვეყნებული რომანია „Intermezzo“. „ჩვეულებრივი ადამიანების“ სატელევიზიო ადაპტაცია BBC-ის 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა 62,7 მილიონი ნახვით.
